GEO  ENG  RUS

VOX POPULI

13 იანვარი, 2016

ქვეყნის განვითარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით კი თუ ახალგაზრდების ჩართულობასა და დასაქმებას ისახავს მიზნად. სწორედ ამ მიზნით დაარსდა  ააიპ "VOX POPULI"

ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის  ერთ-ერთ დამფუძნებელს ელენე მახარობლიშვილს. „ჩვენ ვართ ორგანიზაცია ვოქს პოპული, რაც ხალხის ხმას ნიშნავს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა, უმცირესობების უფლებების დაცვა ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის   ხელშეწყობა“.

ელენე რატომ გადაწყვიტეთ ორგანიზაციის დაარსება?

ერთ მშვენიერ დღეს,  (2014  წლის ნოემბერში) ინტერნეტში წავაწყდით საკონკურსო განაცხადს ინტერნეტ რადიოს კონცეფციების შერჩევაზე. კონკურსი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ჰქონდა გამოცხადებული. რადიოში მუშაობის გამოცდილება გვქონდა,  დაახლოებით   წარმოდგენა გვქონდა როგორ ფუნქციონირებდა და მით უფრო იმართებოდა ონლაინ რადიო, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია, რომ როდესმე ჩვენ რადიოს გავაკეთებდით. კონკურსში მონაწილეობისკენ იმან გვიბიძგა, რომ განაცხადში ეწერა – ჩვენ გასწავლით როგორ მართოთ ონლაინ რადიო. მოკლედ, მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც შარშან, ერთად დავასრულეთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, დავწერეთ პროექტი, დავარქვით მას „ენერჯაიზერი“ და როგორც საინიციატივო ჯგუფმა შევიტანეთ განაცხადი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში.

მოგვიანებით, საქართველოში ჩამოვიდა დეივიდ ბეილი, რომელმაც ჩვენი საინიციატივო ჯგუფის და ამ კონკურსში მონაწილე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს აგვიხსნა, გვიჩვენა და გვასწავლა როგორ აგვემუშავებინა და გვემართა ონლაინ რადიო. იქვე დავრეგისტრირდით და შეუზღუდავი წვდომა მივირეთ "სორსფაბრიკის" პროგრამასთან, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტ რადიო მაუწყებლობს.

ამის შემდეგ უკვე მცირე გრანტიც მივიღეთ და გადავედით იმ საფეხურზე, როცა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის სახელით ვეღარ ვიმუშავებდით. დავრეგისტრირდით ორგანიზაციად და გაგვიჩნდა სხვადასხვა იდეები, ჩვენი თავისაც უფრო ვირწმუნეთ, სტიმული მოგვცა ამ პირველმა წარმატებამ და სულ მალე მეორე გრანტიც მოვიპოვეთ.

ვინ არიან ორგანიზაციის წევრები?

სულ ვართ 6 დამფუძნებელი. ექვსივე  ჯგუფელები და ეს კიდევ უფრო გვიადვილებს სამუშაო პროცესს. ორგანიზაციაში ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია-მოვალეობები გვაკისრია, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს შეგნებულად ის ხალხი ვართ შეკრებილი, რომელთაგან ერთი კარგი მენეჯერია, მეორე კრეატიული, მესამეს წერა გამოსდის კარგად, მეოთხეს სხვა რამ, ყოველთვის გუნდურად ვმუშაობთ და  საბოლოოდ ვაღწევთ იმ შედეგს, რასაც დავისახავთ ხოლმე.

მოგვიყევით მიმდინარე პროექტების შესახებ

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამჟამად ვახორციელებთ ონლაინ რადიოს პროექტს. კონკურსის პირობის მიხედვით, ჩვენ არ ვიყავით შეზღუდული იდეებში. თუმცა, თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდული და გასართობ–შემეცნებითი ინტერნეტ რადიო, განკუთვნილი 15–25 წლის ადამიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა (რომლებიც ასაკით თავადაც ხვდებიან ჩვენი რადიოს სამიზნე აუდიტორიაში) სამუშაოდ აირჩიეს თემები, რომელიც ჩვენი აზრით დააკმაყოფილებს ამ ასაკის მსმენელის გემოვნებას და ინტერესს. ინტერნეტ რადიო ენერჯაიზერის ე.წ. „ეთერში“ უკვე გადის გადაცემების ციკლი ,,თავისუფალი ენერგია”. გადაცემას აკეთებენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები ქეთი დალაქიშვილი, რომელიც არის გადაცემის წამყვანი და ომარ წოწორია. თემებს რაც შეეხება, ისევ და ისევ ახალგაზრდების ინტერესებიდან გამოვდივართ და ვირჩევთ იმ საკითხებს, რაც მათ შეიძლება დააინტერესოთ: განათლება, მოგზაურობა, გართობა და ა.შ. და მეორე გადაცემათა ციკლი გვაქვს ,,სოციალური მტვერსასრუტი”, სახელწოდებიდან გამომდინარე, ვცდილობთ ,,შევისრუტოთ” საზოგადოებაში არსებული და მისთვის საინტერესო ყველა თემა და ვისაუბროთ კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად ამ თემებზე.

ძალიან მალე გავუშვებთ ,,მონოლოგებს”, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ახალგაზრდა, დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია თუნდაც ,,სმარტფონით” ჩაწეროს საკუთარი 1 წუთიანი მონოლოგი მისთვის და მისი ასაკის ადამიანებისთვის საინტერესო თემაზე, გამოგვიგზავნონ და ჩვენ მას რადიოს ეთერში გავუშვებთ.  მოკლედ, იდეები  გვაქვს. ასევე გვაქვს ხალისი და შემართება. იმედია მსმენელს მოვწონვართ და დაგვიმეგობრდებიან.

მათთან საკომუნიკაციოდ მხოლოდ ფეისბუქის გვერდს ვიყენებთ, მაგრამ,  სულ ცოტა ხანში ვებ გვერდიც ამუშავდება. ასევე გვექნება რადიოს სპეციალური აპლიკაცია ანდროიდისა და აიფოუნებისთვის, რაც გაცილებით გააადვილებს ჩვენთან წვდომას და მეგობრობას.

მეორე მიმდინარე პროექტს ქალთა ფონდის დაფინანსებით ვახორციელებთ. ,,არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე”- არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქალების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობას, მათი თვითშეფასების ამაღლებასა და  გააქტიურებას. უფრო ნათლად რომ აგიხსნათ,   საქართველოს სამ რეგიონში: გორში, თელავსა და ქუთაისში შევარჩიეთ ორ-ორი სტუდენტი გოგონა, რომლებიც მათ რეგიონში მცხოვრები ქალების პრობლემებსა თუ მიღწევებზე წერენ. ჯერ სულ ერთი თვეა, რაც ეს პროექტი დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდია საზოგადობის მხრიდან დაინტერესება . რაც ყველაზე სასიამოვნოა, კაცებიც ინტერესდებიან ჩვენი გვერდით და ეს უკვე, ვთვლით, რომ ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ, რათქმაუნდა, გვაქვს არაერთი სხვა საინტერესო და გაცილებით მასშტაბური პროექტის იდეა და ჩვენი დიდი სურვილია, რომ სულ მალე საერთაშორისო პროექტები განვახორციელოთ.

რას ურჩევდით ახალგაზარდებს?

ახალგაზრდებს ვურჩევთ იყვნენ აქტიურები, მაქსიმალურად ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში, გასაქანი მისცენ საკუთარ იდეებს და ჩვენ მუდამ მზად ვართ გავიცნოთ, მოვუსმინოთ და ვიმეგობროთ მათთან.

დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.

 

სიახლეების გამოწერა

გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ საბუღალტრო ჟურნალში სიახლეების გამოქვეყნებისას ინფორმირებული იქნებით ელ. ფოსტის საშუალებით.

საბუღალტრო
მომსახურება

აუდიტორული
მომსახურება

სასწავლო
პროგრამები

საბუღალტრო
ჟურნალი

© 2007, Account LLC - Account Center, All Rights Reserved.
Created by